ძველი ამბავი,
1997 წლის ოქტომბერში გადაწყდა, რომ 1998 წლის მარტში უნდა წავსულიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკაში.
6 თვე ამ ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით მანიაკალური შემართებით. საქართველოს ნაკრების 7 უძლიერესი სპორტსმენი (მე ყველაზე გამოუცდელი) ჩემპიონატამდე 10 დღით ადრე გაგვამგზავრეს მაიამიზე, რათა ამერიკის ერთერთ ცნობილ სენსეისთან გაგვევლო წინასაშეჯიბრო მომზადება.
სანამ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდებოდა, მონაწილეობა მივიღეთ ფლორიდის შტატის ჩემპიონატში, იქ როგორც სატესტო ტურნირში ისე მივიღეთ მონაწილეობა. ამ შტატის ჩემპიონატზე ჩემი შედეგი იყო ბრინჯაოს მედალი. მახსოვს ჩემპიონატიდან დაბრუნებული მანქანაში ცრემლებს ვმალავდი, რადგან ასეთ პატარა ტურნირზე თუ მესამე ადგილზე გავედი ერთ კვირაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების რა შანსი უნდა მქონოდა?!
ძლივს გამგზავრებული, არც თუ ისე იაფად და ასე შემდეგ...
ვიყავი ძალიან იმედგაცრუებული!
დადგა მსოფლიო ჩემპიონატის დღეც. კარგად მახსოვს, რა განწყობით გავედი ტატამზე.
არანაირი სურვილი, არანაირი შედეგის მოლოდინი, არაფერი დასაკარგი, აბსოლუტურად ღელვის გარეშე!
ერთადერთი მიზანი და განზრახვა მქონდა, რომ მომეგო მხოლოდ ერთი ბრძოლა.
მოვიგე კიდეც პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკელთან. რასაც არ მოყოლია არანაირი ემოცია. ასე გაგრძელდა ექვსჯერ, სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან. ყოველ ჯერზე გავდიოდი მხოლოდ ერთი ბრძოლის მოსაგებად. ვცდილობდი არ დამეკარგა მთავარი მდგომარეობა - შინაგანი სიმშვიდე და არ მეფიქრა შედეგზე.
გამარჯვების შემდეგ, დაგვიანებულად მოვიდა ჩავლილის გაცნობიერება და შემდეგ ემოცია - რომელსაც ქვია, სიხარული...
გარდამტეხი და მთავარი დასკვნა: ზოგჯერ ადამიანის გონება იგონებს მცდარ და უიმედო ფიქრს, რომელიც რეალურად არ არსებობს და ამაზე ვაგებთ ჩვენს ქმედებას, რაც უკვე მარცხია!!!
საქართველოში რომ დავბრუნდით მახსოვს შუა დღე იყო. მეორე დილით ვარჯიშზე წავედი!
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved