ისტორია

კარატე, როგორც საბრძოლო ხელოვნება ჩამოყალიბდა რიუკიუს სანაპიროზე, დღევანდელ ოკინავაზე. იგი ვითარდებოდა რიუკიუს სამეფოში მე-20-ე საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც იაპონიამ ეს კუნძული დაიპყრო და დაიწყო კულტურული გაცვლები იაპონიასა და კუნძულ ოკინავას შორის. არსებობდა „ტე“-ს რამოდენიმე ძირითადი მიმართულება: შური-ტე, ნაჰა-ტე და ტომარი-ტე. ნაჰა-ტეს წარმომადგენელი იყო ჩოჯუნ მიაგი სენსეი, რომელიც არის გოჯუ-რიუს ფუძემდებელი. 
„ნაჰა ტე“-ს ხელოვნება დაარსდა კანრიო ჰიგაონნას მიერ, რომელიც დაიბადა 1853 წელს. გოჯუ-რიუს მთავარი საბაზისო ტექნიკა დაფუძნებულია სწორედ ნაჰა ტეს ფუნდამენტზე.

გოჯუ-რიუს დაარსების ისტორია უკავშირდება ჩოჯუნ მიაგის, რომელიც კანრიო ჰიგაონნას მთავარი მოსწავლე იყო. იგი 14 წლის იყო როდესაც შეხვდა ჰიგაონნას და მის გარდაცვალებამდე (1916 წ), ცამეტი წლის განმავლობაში ეუფლებოდა საბრძოლო ხელოვნებას. ასევე, სტილის ფესვების შესაცნობად, მან იმოგზურა ჩინეთში, სადაც გაეცნო ჩინური თეთრი წეროს ტექნიკებს. ჩოჯუნ მიაგი კარატეს ტექნიკის სწავლების გარდა ხშირად ატარებდა ინტელექტუალურ სემინარებს თავისი მოსწავლეებისთვის, რომლებიც ეხებოდა ზოგადად ადამიანის არსებობას, ცხოვრებას, ეთიკასა და სამურაის კოდექსს.

ძიუდოს დამაარსებელმა კანო ჯიგორომ 1927 წელს იხილა დემონსტრაცია ჩოჯუნ მიაგი სენსეის შესრულებით და აღტაცებული დარჩა მისი სიძლიერითა და ტექნიკით. კანო დაეხმარა ჩოჯუნ მიაგის მიეღო იაპონიის მთავრობისა და ბუდოკანის დაფინანსება ოფიციალური ღონისძიებებისთვის. ერთ-ერთ ასეთ დემონსტრაციაზე ჩოჯუნ მიაგის მოსწავლემ, ჯინან შინზატომ უმაღლეს დონეზე შეასრულა სანჩინ და სესან კატა. როდესაც მას კითხეს, თუ რომელი სკოლის წარმომადგენელი იყო, მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ოკინავაზე დაბრუნებულმა შინზატომ მოუყვა მიაგი სენსეის დემონსტრაციის შესახებ. სენსეი მიხვდა, თუ რამდენად აუცილებელი იყო ამ საბრძოლო ხელოვნებისთვის მოეძებნა სახელწოდება და გადაწყვიტა დაერქმია გოჯუ-რიუ (ითარგმნება, როგორც მაგარი და რბილი). გოჯუ-რიუს სახელწოდება მან აიღო საბრძოლო ხელოვნებს ბიბლიად წოდებული წიგნიდან - ბუბიშის 8 ძირითადი პრინციპიდან. 1930 წლიდან მიაგი სენსეი აქტიურად ეწეოდა კარატე-დოს განვითარებას, როგორც იაპონიაში, ასევე მთელს მსოფლიოში.

1940 წელს მან შექმნა კატები: „გეკისაი დაი იჩი“ და „გეკისაი დაი ნი“, რათა პოპულარიზაცია მოეხდინა ამ სტილისთვის. მის სახელს უკავშირდება კატა „ტენშო“, რომელიც ხაზს უსვამს სტილის სირბილესა და მოქნილობას. ამასთანავე, კატა „სანჩინი“, რომელიც ავითარებს სხეულის როგორც ფიზიკურ, აგრეთვე შინაგან მხარეს. გოჯუ-რიუ არის უნივერსალური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მოიცავს ფეხისა და ხელის მძიმე დარტმებს, შეტევებს, ბლოკებსა და მოწინააღდმეგის მაქსიმალურ კონტროლს. ტექტნიკური არსენალში აგრეთვე შეხვდებით სწრაფ გადაადგილებებს, ჩავლებსა და გდების ელემენტებს.