EN

#OK! ლევან როგავა გოჯუ-რიუსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

მე გახლავართ საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორი საქართველოში. ვარ სენსეი და ვასწავლი იაპონურ საბრძოლო ხელოვნება გოჯუ-რიუს.

გოჯუ-რიუ გახლავთ უძველესი ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების სისტემა, რომელიც სათავეს იღებს კუნძულ ოკინავადან (იაპონია). მისი არსი მდგომარეობს ადამიანის სრულფასოვან მებრძოლად ჩამოყალიბებაში. მაღალი თავდაცვისუნარიანობა, სხეულის ფლობა, შინაგანი სიმშვიდე, გაწონასწორებულობა და თავდაჯერებულობა არის ის, რასაც გვაძლევს ეს მიმდინარეობა.

სამი ათეული წელია, საქმით ვარ დაკავებული, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიმუშაო ჩემს თავზე. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, აღმოვაჩინო საკუთარი ნაკლოვანებები, ჩავწვდე ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებს და ვიყო ჰარმონიულად სამყაროსთან. აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად ვუზიარებ ადამიანებს ჩემს გამოცდილებას და ვეხმარები გახდნენ უკეთესები, ვიდრე იყვნენ გუშინ. ერთი სიტყვით, ჩემი საქმიანობის მიზანი მუდმივი სწრაფვაა თვითგანვითარებისკენ.

თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ვინმეს რაიმე ვურჩიო. ყველაზე კარგი რჩევა ჩვენი ცხოვრებისეული მაგალითებია. თუმცა, არ გვაწყენდა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა და მეტი ურთიერთპატივისცემა.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მისი პოპულარიზაცია საზოგადოებაში, რადგან მიმაჩნია, რომ ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად აუცილებელია იყვნენ ფიზიკურად და შინაგანად ძლიერი და პასუხისმგებლობიანი ინდივიდები, ადამიანები, რომლებიც შექმნიან სწორ და საჭირო მაგალითებს. განსაკუთრებით ბავშვების სწორად აღზრდისთვის მნიშვნელოვანია თვალსაჩინო მაგალითები.

გოჯუ-რიუს ფუნდამენტური პრინციპი ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად შინაგანი გაწონასწორებულობაა. ვფიქრობ, ფიზიკური სიძლიერე ადამიანის ერთი მხარეა. ის არაფრისმომცემია, თუ მას არ ამყარებს გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

ეცადეთ იპოვოთ ისეთი ადგილი, სადაც გექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ საკუთარი თავი უფრო სიღრმისეულად. მუდმივად ვეცადოთ განვვითარდეთ, გავძლიერდეთ და ვიყოთ უფრო მეტად სასარგებლო ერთმანეთისთვის.