იაპონიაში, ვიდრე სენსეი მოსწავლეს აიყვანდა, ის მას გარკვეული დროის მანძილზე თავის სახლში აცხოვრებდა, როგორც დამხმარეს, იმისთვის, რომ უკეთ გაეცნო მისი ხასიათი და ამის შემდეგ გადაწყვეტდა აეყვანა თუ არა ის მოსწავლედ.
პრივილეგია იყო კარატეს სწავლება და ყველას არ ჰქონდა ამის შანსი. ასეთ დამოკიდებულებაში ნათლად ჩანს თუ რა იყო იაპონელი სენსეების პრიორიტეტი მოსწავლის შერჩევის დროს: ამოწმებდნენ ადამიანურ თვისებებს, მიდრეკილებებს და ფასეულობებს.
დღეს სხვა რეალობაა, მართალია მიდგომა შეიცვალა მაგრამ არსი იგივე დარჩა. პირველ რიგში ჩვენთან ბავშვები სწავლობენ პატივისცემას და თავაზიანობას. როდესაც შევდივართ დარბაზში ჩვენ ვხრით თავს, დარბაზის პატივისცემის ნიშნად. როდესაც მოწინააღმდეგესთან პირისპირ ვდგებით, ვუხრით თავს სანამ შევეხებით, რაც არ უნდა მძიმე და მტკივნეული იყოს ჩვენი ეს შეხება, როცა ვამთავრებთ ვუხრით თავს მადლობის ნიშნად. თვალსაჩინოა, ბავშვები ყველაზე კარგად გრძნობენ ყალბ დამოკიდებულებას ამიტომ ვალდებულები ვართ რომ ვიყოთ მათ მიმართ გულწრფელები. ვარჯიშის მუდმივი, თანმდევი პათოსი არის პატივისცემა. ჩვენი მხრიდან არ არსებობს ემოციურად ნათქვამი სიტყვა ან ქცევა თუ არ არის ის წინასწარ ნაფიქრ-ნააზრევი. ვარჯიშის შემდეგ, ეს პატარა ბავშვები სათითაოდ მოდიან ჩემთან და მემშვიდობებიან, მე ამას ვიღებ როგორც მათ გაუცნობიერებელ მადლობას.ვცდილობთ თავიდანვე შევაჩვიოთ ასეთ ურთიერთობას. ვარჯიშის პროცესში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ოცი ბავშვის და ერთი სენსეის ხარისხიანი ურთიერთობა. იკვრება ძალიან დადებითი აურა, და როცა ახალი ბავშვი მოდის ის ძალაუნებურად ხდება ამ აურის თანაზიარი და ექცევა პოზიტიური ზეგავლენის ქვეშ, შესაბამისად ისიც ხდება მშვიდი, გაწონასწორებული და თავდაჯერებული.
ამის შემდეგ, დარბაზიდან გარეთ გასული, უფრო მძაფრად გრძნობ და ხედავ ერთმანეთის მიმართ უკვე ჩვევად ქცეული უპატივცემულობის ოხშივარს...
© Developed By MAGSMAN All Rights Reserved